English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ მიხეილ ჯიბუტი
ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ტერმინის შესახებ

საქართველოში, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (SNA 1993) დანერგვისას, განხორციელდა შესაბამისი რეკომენდაციებისა და სტანდარტების თარგმნა ინგლისურიდან ქართულად. ამ დროს დამკვიდრდა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მაჩვენებლების -„Gross Domestic Product” (შემოკლებით: GDP) და „Gross National Product” (შემოკლებით: GNP) ქართულ შესატყვისად „მთლიანი შიდა პროდუქტი“(შემოკლებით: მშპ) და „მთლიანი ეროვნული პროდუქტი“ (შემოკლებით:მეპ). ამ ფორმით ხდება დღემდე მათი ოფიციალურ სტატისტიკაში გამოყენება (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ,2020).

თუმცა, აღნიშნული ტერმინების თარგმანის სისწორის შესახებ დღემდე გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა. განსაკუთრებით „არ გაუმართლა“ მთლიან შიდა პროდუქტს“.

ჯერ იყო და საკამათო გახდა თუ რა არის სწორი - „შიდა“ თუ „შიგა“. სინამდვილეში, დღეისათვის სწორია ორთავე, რადგანაც ქართულ ენაში „შიდა“ და „შიგა“ სინონიმებია, თუმცა ნიუანსების დონეზე „შიდა“ უფრო მიესადაგება ტერიტორიას (ცოცანიძე და სხვ., 2014, გვ. 695). ზოგადად კი, მათი გამოყენება ხდება დაუწერელი კანონზომიერებით, რომელიც დამკვიდრებული ფორმის გამოყენებაზეა დამოკიდებული, თუმცა თავდაპირველად ამა თუ იმ ფორმის გამოყენება რასთან იყო დაკავშირებული - ძნელად დასადგენია. ეს ძნელი დასადგენია „მთლიანი შიდა პროდუქტთან“ მიმართებაშიც, თუმცა ის „ჩვენ თვალწინ“ წარმოიშვა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაკავშირებულია „შიდას“ გამოყენების პრაქტიკასთან,ყურს მიჩვეულ ჟღერადობასთან, საერთოდ და მათ შორის ეკონომიკის სფეროში (შიდა გადაზიდვები, შიდა აუდიტი, შიდა ვაჭრობა, შიდა ტერიტორია, შიდა აზომვითი ნახაზი ... შიდა ქართლი და სხვ. მსგავსი).**

--------------------------------------------------------------------------------

* სტატია იბეჭდება უცვლელად - სარედაქციო კოლეგია.
** პატივს ვცემთ პროფესორ მიხეილ ჯიბუტის ცალკეულ მოსაზრებებს. ამასთან, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია დისკუსიაში ჩაბმა, ბატონი მიხეილის წერილში, ჩვენი აზრით, არსებული ზოგიერთი ხარვეზისა და ბუნდოვნების მიუხედავად - ვ.პაპავა, ა.სილაგაძე

--------------------------------------------------------------------------------

ამასთან, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, თითქოს „XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში , როცა ქართული პოლიტიკური ელიტისათვის უმთავრესი უცხო ენა იყო რუსული, ქართულ ენაში - ტერმინი „მთლიანი შიდა პროდუქტი“, დამკვიდრდა რუსული ენის ზეგავლენით, რადგანაც -„Gross Domestic Product(GDP)“, რუსულად თარგმნილია, როგორც „Валовый Внутренний Продукт (ВВП)( აქ შეცდომაა, უნდა იყოს: „Валовой Внутренний Продукт“ - მ.ჯ.). (პაპავა,სილაგაძე,, 2019.გვ.181).

მითითებული დროისათვის საქართველოში პოლიტიკური ელიტისათვის რუსული „უმთავრესი უცხო ენა“ კი არა, მშობლიურივით „შინაური“ ენა იყო და რუსულიდან რომ ყოფილიყო თარგმნილი, მაშინ „შიდას“ ნაცვლად იქნებოდა „საშინაო“, „შინაგანი“ , ან მსგავსი რამ. საბჭოთა კავშიrის დროიდან დღემდე ქართულ ეკონომიკურ ტერმინებზე რუსულის გავლების უარყოფაზე კი არა, არამედ ძლიერ გავლენაზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, განსახილველ ტერმინი ის შემთხვევა არაა. „შიდას“ ნაცვლად „შიგას“ გამოყენების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ის ვერ დამკვიდრდა ვერც სალაპარაკო და ვერც ოფიციალურ ენაში. ეს არცაა საჭირო, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, თუ დირექტიულად დადგინდება ქართული სალიტერატურო ენის სწორ ნორმად მხოლოდ „შიგას“ გამოყენება. მანამდე კი, „შიგას“ გამოყენების მსურველებისათვი შეიძლება შემამსუბუქებელი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას,რომ შემოკლებულ ვარიანტში ორთავე შემთხვევაში ერთი და იგივე -„მშპ“ აბრევიატურაა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის“ ინგლისურ ორიგინალთან ადეკვატურობის საკითხი ჯერ ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს, ხოლო ბოლოს (2019 წელს) ერთად დააყენეს კითხვითი ნიშნის ქვეშ აკადემიკოსებმა ვლადიმერ პაპავამ და ავთანდილ სილაგაძემ. მათ მიერ შემოთავაზებულ იქნა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლის ინგლისური დასახელება - „Gross Domestic Product” (შემოკლებით: GDP) ქართულად ითარგმნოს, როგორც „მთლიანი სამამულო პროდუქტი“ (შემოკლებით: მსპ), ნაცვლად დამკვიდრებული „მთლიანი შიდა პროდუქტისა“ (შემოკლებით: მშპ). (პაპავა,სილაგაძე, 2019, გვ.180). სამწუხაროდ, ამ შემოთავაზების არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა, თუ არ ჩავთვლით ავტორების ემოციურ მითითებებს, რომ „ინგლისური ტერმინის „Gross Domestic Product”-ის არსებას (? - მ.ჯ.) ზედმიწევნით ასახავს „მთლიანი სამამულო პროდუქტი“ (პაპავა, სილაგაძე, 2019, გვ. 180) და „დადგა დრო, როცა ყოველმხრივ გამართლებულია (? - მ.ჯ.), რომ ქართულ ენაში შესაბამისი ადგილი დაიმკვიდროს ტერმინმა - „მთლიანი სამამულო პროდუქტი“ (პაპავა,სილაგაძე, 2019, გვ. 181). ეს ვარიანტი წელს ა.სილაგაძემ, როგორც ქართული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა გამოიყენა მონოგრაფიის თარგმნისას (კრუგმანი და სხვ., 2017, გვ.1-სქოლიო). ნათელია, რომ ავტორებს არაფერი საწინააღმდეგო არ აქვთ ტერმინის პირველ და მესამე სიტყვების თარგმანთან დაკავშირებით. მეორე სიტყვა - „Domestic” მათ მიერ ნათარგმნია, როგორც „მამული“ - „სამამულო“. ამ სიტყვებს აქვს ემოციურ-პატრიოტული დატვირთვა.

არა ნიშნის მოგებით, არამედ შემხვედრი აზრის კარნახით, თუ თარგმანის დროს რუსული ენის გავლენაზეა საუბარი, ჩემი აზრით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ქვეცნობიერის იმპულსს შეიძლება გამოეწვია მსგავსი შედეგი. ასეთი დასკვნა განაპირობა იმან, რომ გამახსენდა რუსულიდან ქართულში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებული ცნებები „სამამულო წარმოება“, „სამამულო წარმოების პროდუქტი“. აზრობრივად მასთან ახლოსაა „ადგილობრივი წარმოება“. ინგლისურენოვანი შესატყვისი ესაა „Domestic Production“, რაც ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისათვის პროდუქციის წარმოებას ნიშნავს.(uis.unesco., 2020). ვ.პაპავამ თავის დროზე „Gross Domestic Product” თარგმნა, როგორც „ერთობლივი სამამულო პროდუქტი“ (პაპავა და სხვ., 1993, გვ.244), თუმცა შემგომში „ერთობლივს“ „გაპარული უზუსტობა“ უწოდა (პაპავა, სილაგაძე, 2019,გვ.180). ამ დროს, არააკადემიურ, მაგრამ მასობრივ და საზოგადოების აზროვნებაზე დიდი ზეგავლენის მქონე „ვიკიპედიაში“ქართულ ენაზე რომელიღაც სახალხო ავტორის მიერ „მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)“ და „ერთობლივი შიდა პროდუქტი (ეშპ) განხილულია სინონიმებად.

როგორც ვხედავთ, ყველა მსჯელობა და კამათი ეტიმოლოგიურ დონეზე მიმდინარეობს, ასეთმა მცდელობამ შეიძლება უფრო მეტი დაბნეულობა მოიტანოს, კამათი „შოფუთოს“ მეცნიერულობის ფორმით და რეალურად ხელშესახები, გამოსაყენებელი შედეგი არ დადგეს.

შესაბამისად, რადგანაც საკითხის გადაჭრა პრობლემის წარმოქმნის დონეზე შეუძლებელია, ანალიზი სხვა დონეზე უნდა გადავიტანოთ. უნდა განვიხილოთ არა მარტო ის, თუ რას ეტიმი აქვს ამა თუ იმ სიტყვას,არამედ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ტერმინს, თუ რა მნიშვნელობას დებდა ამა თუ იმ ტერმინში მისი გამომგონებელი მეცნიერი და რა აზრიდევს მასში დღეისათვის პრაქტიკაში გამოყენებისას - იქნება ეს ანალიზის, თუ კომუნიკაციის პროცესი.

საკითხის გარკვევისათვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მშპ-ს და მეპ-ის არსის, შინაარსის მიხედვით მსჯელობას. მთავარი განმასხვავებელი სხვა თანაბარ პირობებში ისაა, რომ ერთი (მშპ) მოცემული ტერიტორიის (სახელმწიფოს) ფარგლებში რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების საქმიანობის შედეგს, ხოლო მეორე (მეპ) მხოლოდ რეზიდენტი პირების საქმიანობის შედეგია ტერიტორიის (სახელმწიფოს) ფარგლებს შიგნით და გარეთ. ორთავე ესაა ბაზრო ფასებში გამოხატული პროდუქტების ღირებულებათა ჯამი, ანუ მათი მთლიანი ღირებულება. მოვახდინოთ ნათქვამის კონვერტაცია პაპავა-სილაგაძის პოზიციით: გვექნება „მთლიანი სამამულო პროდუქტი“ და „მთლიანი ეროვნული პროდუქტი“. ამას სრულ აზრობრივ ანარქიასთან მივყავართ აღქმის თვალსაზრისით: კერძოთ, „სამამულოს“ და „ეროვნულის“ გაგების ხაფანგი ჩნდება: ეროვნული არაა სამამულო, თუ სამამულო არაა ეროვნული? სამამულო სხვაა და ეროვნული სხვა? და ა.შ. ანუ სიტყვების ემპირიული აღქმა ასეთ შემთხვევაში ისე დაშორდება მათ ემპირიული გამოყენების დროინდელ მნიშვნელობებეს, რომ ყველა შემთხვევაში დაისმება კითხვა: რად გვინდა ეს? ამის რა საჭიროებაა? სადაა კართაგენი სიტყვაში „შიდა“, რისთვისაც ის აუცილებლად უნდა დაინგრეს? არსად.

„Gross Domestic Product” (შემოკლებით: GDP)-ის თარგმანი ქართულად, როგორც „მთლიანი შიდა პროდუქტი „(შემოკლებით: მშპ) ადექვატურია, მისი გამოყენება დამკვიდრებულია, ქართული ენისათვის მისაღებია და ცვლილებას არ საჭიროებს.

აღნიშნულმა დასკვნამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ უნდა შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ ქართულ ეკონომიკურ ტერმინებთან დაკავშირებით საქმე კარგად, ან თუნდაც დამაკმაყოფილებლადაა - ის უმწვავესად დგას. თავის დროზე, რუსულენოვან სივრცეში, ეს საკითხი ჩვენი მასწავლებლების თაობამ გადაჭრა. ინგლისურენოვან სივრცეში კი პრობლემა გადასაჭრელია. ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქციის მიერ ტერმინებისადმი ყურადღების მიქცევა მისასალმებელია. კარგი იქნება , თუ რედაქცია გახდება ერთგვარი ცენტრი ამ საკითხებზე მსჯელობისათვის, მათ შორის მრგვალი მაგიდის ფორმატით.

როდესაც პაპავა-სილაგაძის სტატია წავიკითხე, ვფიქრობდი, რომ მას აუცლებლად გამოეხმაურებოდა ეკონომიკურ-ფინანსური სახელმწიფო ინსტიტუტები, ან თუნდაც ენის პალატა, ან პროფილური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვ. მაგრამ ამაოდ. ესაა არა მხოლოდ ავტორებისადმი, არამედ მთლიანად მეცნიერებისადმი გულგრილი დამოკიდებულების მაგალითი. ამის საპირისპიროდ და ავტორების აზრისადმი პატივისცემის ნიშნად დაიწერა აღნიშნული სტატია - აქ მნიშვნელობა არ აქვს მათ პოზიციას ვეთანხმები თუ არა.

ლიტერატურა:

  •  პაპავა ვ.,სილაგაძე ა. (2019) ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - „Gross Domestic Product” -ის ქართული სახელწოდების შესახებ ,, ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, No1.
  •  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - https: //www.geostat.ge/media/29303/Mtliani-shida-produqtis-metodologia.pdf. ბოლო ნახვა 19.02.2020.
  • ცოცანიძე გ.,ლოლაძე ნ.,დათუკიშვილი ქ. (2014) ქართული ლექსიკონი, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  • http://uis.unesco.org/en/glossary-term/domestic-production?wbdisable=true. ბოლო ნახვა 19.02.2020.
  • პაპავა ვ., ახმეტელი რ., ლეიაშვილი პ., ულუმბერაშვილი ნ. (1993.) საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები (თეორიული ეკონომიკა). თბ., „მაცნე“.
  • https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98  ბოლო ნახვა 19.02.2020
  •  კრუგმანი პ.რ., ობსტფელდი მ., მელიტცი მ.ჯ., (2017) საერთაშორისო ეკონომიკა, ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორი ა.სილაგაძე. თბ.,უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • ჯიბუტი მ. (1993). საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პირველი ინდიკატური გეგმა 1993-1995 წწ. „ჟურნ. ეკონომიკა“ ,No12

Refernces:

A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98  (last seen 19.02.2020).

  • Krugman P.R., Ostfeld M., Melitz M.J., (2017) saertashoriso ekonomika. [International Economics. Tr. from English. Scientific and editor-in-chief of the Georgian edition A.Silagadze. University Publishing House.] in Georgian.
  • Jibouti M. (1993). sakartvelos respublikis sotsialur - ekonomikuri ganvitarebis pirveli indikaturi gegma 1993 – 1995 ww. [The First Indicative Plan for the Socio-Economic Development of the Republic of Georgia in 1993-1995. Tb. Journal “Economics”, No12.]